საქართველო

მეუფე შიო: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „მცირედი უკეთესობა შეინიშნება“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა საქართველომ ილოცოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის.

„თურქეთიდან ღამის პირველი საათისთვის ველოდებით სპეციალისტს, რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა, რათა შემდგომი ფორმალობა განსაზღვრონ. მთავარია, ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, ჩვენმა მრევლმა, ხალხმა მისი ჯანმრთელობისთვის. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს. ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას, ვფიქრობთ, საღამოს რაღაც გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.