ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, რომელიც ნიდერლანდების ოთხ კოალიციურ მთავრობას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველა წევრ ქვეყანას ნდობის გამოცხადებისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა, უკვე ყოფილ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და აღნიშნა, რომ ის სამაგალითო ლიდერი იყო. რუტეს თქმით, ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია ვიდრე ოდესმე. ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა მისი პრიორიტეტები ჩამოთვალა.

„გენერალური მდივნის რანგში, სამი პრიორიტეტი მექნება. პირველი არის ნატო-ს სიძლიერის შენარჩუნება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედოა ყველა საფრთხესთან მიმართებით. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მეტი ძალა, უკეთესი შესაძლებლობები და სწრაფი ინოვაციები, რაც მოითხოვს მეტ ინვესტიციას. თუ მეტის გაკეთება გვსურს, მეტიც უნდა დავხარჯოთ. ჩემი მეორე პრიორიტეტი იქნება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში არასდროს იქნება გრძელვადიანი უსაფრთხოება. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, 2014 წელს ბოინგ ემეიჩ 17- ის ჩამოგდებით როგორ არ არის კონფლიქტი მხოლოდ ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, უკრაინას უნდა მივაწოდოთ ვაშინგტონის სამიტის დროს დაპირებული პაკეტი.

მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა ჩვენს უნიკალურ და მნიშვნელოვან პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს გარშემო იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს იზიარებენ. იენს, თქვენ არაჩვეულებრივი საქმე გააკეთეთ, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებით, განსაკუთრებით ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით“, – განაცხადა მარკ რუტემ.

17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება.

ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაშია დაგეგმილი.

დღემდე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იყო.