GUARDIANGE – საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოწინავე პოზიციაზეა, რამაც საფრანგეთის პოლიტიკაში მათი დომინირება დაადასტურა და ძალაუფლების კარიბჭესთან მიიყვანა.
მარინ ლე პენის ანტი-იმიგრაციული „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერები შეძახილებით შეხვდნენ მის განაცხადებას, რომ პრეზიდენტის „მაკრონისტული ბლოკი თითქმის გაანადგურეს“.
ეგზიტპოლების მიხედვით, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების 33.1% მიიღო, მემარცხენე ალიანსმა 28%, მაკრონის ბანაკმა კი 20.76%.
„ჩემი მიზანია ვიყო ყველა ფრანგის პრემიერ-მინისტრი, თუ ფრანგები მოგვცემენ ხმას“, – განაცხადა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ 28 წლის ლიდერმა ჯორდან ბარდელამ.
აქამდე ულტრამემარჯვენეებს არასოდეს მოუგიათ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მარტივი ფაქტი, რომ ეს შესაძლებელი გახდა, ისტორიულია, ამბობს ვეტერანი კომენტატორი ალენ დუჰამელი.
მარინ ლე პენსა და ჯორდან ბარდელას სურთ აბსოლუტური უმრავლესობა – 289 ადგილი 577 ადგილისაგან შემდგარ ეროვნულ ასამბლეაში. 7 ივლისს, მეორე ტური უნდა გაიმართოს და წინასწარი პროგნოზით, შესაძლოა, მათ ამ საწადელს ვერ მიაღწიონ.
ემანუელ მაკრონს არ სჭირდებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ევროპულ არჩევნებში „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ ეს იყო „ყველაზე პასუხისმგებლიანი გამოსავალი“.
ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ – 14.6%.