საქართველო

მამუკა ბახტაძე: ანგელა მერკელის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს უსვამს ხაზს.

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს. ქალბატონ მერკელს ჩამოყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომელთანაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ, ბუნებრივია, ქართული კომპანიებიც. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და გერმანიის  ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გამტკიცებას. წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად სანდო და საიმედო პარტნიორია“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.