საქართველო

ლიბერთის „ახალი“ ბარათი სრულიად უნიკალურია – ჩვენ, რეგიონის მასშტაბით, პირველები ვართ – ვასილ ხოდელი

ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორც „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „ახალი“ ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო.

„ჩვენ საფუძვლიანად ვიკვლიეთ მსგავსი პროდუქტები და ანალოგები. სხვათაშორის, შთაგონება ამ პროდუქტისა მივიღეთ ავსტრალიაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი პროდუქტი არ არსებობს არც საქართველოს და არც რეგიონის საბანკო სისტემებში.

ჩვენი „ახალი“ ბარათის მთავარი ძლიერი მხარე სიმარტივეა. ადამიანებს ხშირად უწევთ გარკვევა, თუ რაში რას იხდიან და ეს ყველაფერი საიდან მომდინარეობს. ამას დიდი დრო მიაქვს, დრო კი ფულია. შესაბამისად, ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დავაზოგინოთ დრო და ვუთხრათ, რომ ნუ იფიქრებენ ამის კალკულაციასა და ანალიზზე. ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია – გაქვთ ერთი ფიქსირებული საკომისიო, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტს, რომელსაც თქვენ იღებთ და ვერ ფარავთ საშეღავათო ვადაში (55 დღე). მისი ნელ-ნელა გადახდის შემთხვევაში, გექნებათ მხოლოდ ფიქსირებული საკომისიო გადასახადი და არანაირი სხვა ხარჯი.

ამის ფიქრს და კალკულაციის აუცილებლობას ჩვენს მომხმარებელს თავიდან ვაცილებთ და ზუსტად ვაწვდით მარტივ, გასაგებ პროდუქტს“, – აცხადებს ხოდელი.

„ლიბერთის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ წარმოდგენილი „ახალი“ ბარათი არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. „ჭკვიანი მხარჯველი ამ ბარათის გამოყენებით დიდ სარგებელს მიიღებს“, – ამბობს ხოდელი და აზუსტებს, თუ რა იგულისხმება ჭკვიან მხარჯველში. მისი ინფორმაცით, აღნიშნული ბარათით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე, რის შემდეგაც ბარათის მფლობელი მიიღებს „ქეშბექს“, რომელიც 3-5%-ის ფარგლებში მერყეობს.

„კონკრეტულ პერიოდებში გვექნება სპეციალური აქცია, როდესაც კონკრეტულ კატეგორიაზე, პირობითად, თავის მოვლის საშუალებებზე შესაძლებელი იქნება განსხვავებული „ქეშბექის“ მიღება. ამას უკვე მომხმარებელი აირჩევს, რომელიც ასევე შეძლებს კატეგორიის ცვლილება ჩვენი მობილური ბანკიდანაც განახორციელოს“,- აღნიშნავს ხოდელი.

მისივე ინფორმაცით, „ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტბანკით – ლიბერთის მომხმარებლისთვის.