საქართველო

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას კალაძის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქლაქის საკრებულოს წევრები ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მან კახა კალაძე კორუფციაში არაერთხელ ამხილა და ასევე იმის გამოც, რომ ბოლოს მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ საკრებულოში მომუშავე დამლაგებლებს მათხოვრულ ხელფასს, 200 ლარს აძლევენ და თან მონურად ამუშავებენ.

მისი თქმით, ისინი ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ესენი არიან კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები“.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ფაქტებით ამხილა კალაძე და ივანიშვილი და ამის გამო მომხვდა. ეს იყო კალაძის პირადი დავალება. ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, რომ მაჩვენეთ ეგ ტიპი… აი, დაალურჯეთ. ესენი ლაჩრები არიან, რომლებიც უკნიდან მომეპარნენ. დღევანდელი წიხლი, რომელიც მომაყოლეს, ასმაგად მაძლიერებს“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის თქმითაც მას „ქართული ოცნების“ წევრები თბილისის საკრებულოში მალულად, ზურგიდან მივარდნენ და ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად.

„ვაჟკაცობაც არ აქვთ. კრიმინალიც კი არ იკადრებს, რომ ერთ კაცს 10 და 20 დაესიონ“, აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელსაც მარჯვენა თვალი აქვს ჩალურჯებული.

guardian.ge