გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის ნაწილში, სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.
როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა, რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში”.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამ საკითხზე კომუნიკაცია ფერმერებთან 2017 წელს დაიწყო და შედგა. 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება, ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად”, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.