საქართველო

კურორტ თეთნულდზე, „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა

პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, „ფრირაიდის“ (Freeride) კვირეულის ფარგლებში, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპი ჩატარდა.

მსოფლიო ტურის ამ ეტაპზე მონაწილეობა ფრირაიდის წამყვან სპორტსმენებთან ერთად, ქართველი მოთხილამურეებმა და სნოუბორდერებმა მიიღეს, მათ შორის შვიდი სპორტსმენი, ლუკა გვარლიანი, ლუკა გოშთელიანი, გიორგი იოსელიანი, მურმან მარგიანი, შალვა მარგიანი, ბაქარ მუშკუდიანი, ლაშა ჩართოლანი მესტიის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდენ.

დღევანდელ შეჯიბრში, სულ 20-მდე ქვეყნის 77 ათლეტი იღებდა მონაწილეობას.

დღეს გამართული შეჯიბრება ფრირაიდის მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის 2 ვარსკვლავიან კატეგორიას განეკუთვნებოდა. მომდევნო საკვალლიფიკაციო ეტაპი 4 ვარსკვლავიან კატეგორიას განეკუთვნება და 11-12 თებერვალს გაიმართება.

ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპი, მესტიის მუნიციპალიტეტში, 12 თებერვალს დასრულდება.

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.