საქართველო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განაწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განაწესა. გადაწყვეტილებას საბჭომ ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი.

მურუსიძის გარდა უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.

კენჭისყრამდე ლევან მურუსიძემ აღიარა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ნულოვანი ტოლერანტობის და შეკრებითობის პირობებში“ ხდებოდა ისეთი განაჩენების გამოტანა, რაც კანონიერი, თუმცა „უსამართლო“ იყო.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების საკითხი იხილებოდა, მურუსიძეს დაუსვა შეკითხვა, მიიჩნევდა თუ არა იგი, რომ 2004 წლიდან 2012 წლის პერიოდში სასამართლო სისტემა იყო რეპრესიული რეჟიმის მსახური და ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რაზეც ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ „რეალურად არ არის დასამალი, რომ ნულოვანი ტოლერანტობის და შეკრებითობის პირობებში“ ხდებოდა ისეთი განაჩენების გამოტანა, რაც უსამართლო იყო და აღნიშნულ პერიოდში, მისი შეფასებით, ქვეყანაში „რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა“ ხორციელდებოდა.

„ზოგადად არც არის დასამალი, რეალურად არ არის დასამალი, რომ მაშინ იყო ნულოვანი ტოლერანტობა, რეალურად მაქსიმალურად მოხდა კანონის გამკაცრება. საერთოდ იქნა გაუქმებული შთანთქმისა და ნაწილობრივ შეკრების პრინციპი და რეალურად მოხდა მთლიანი შეკრებები და შესაბამისად, ხდებოდა ისეთი რაღაცები, რომ დანიშნული სასჯელი, რომელიც იყო აბსოლუტურად კანონიერი, იყო უსამართლო… რა თქმა უნდა ირღვეოდა უფლებები, მაგრამ ეს განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ იყო ის რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელსაც ეძახდნენ ნულოვან ტოლერანტობას“, აღნიშნა მურუსიძემ.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რომ „ფაქტიურად გასაქანს არ აძლევდა სასამართლოს“ და „პროკურატურის ხელში იყო, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდა თუ არ გაუფორმებდა“ ბრალდებულს.

„გააუქმეს ნაწილობრივ შეკრება და შთანთქმა და დაწერეს, რომ მთლიანად უნდა შეკრიბოო და ამან გამოიწვია ის, რომ პროკურატურის ხელში იყო მთლიანად, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდა თუ არ გაუფორმებდა. საპროცესო შეთანხმების დროს სასამართლოში ეწერა, რომ სასამრთლოს აქვს უფლება რეალურად, რომ თავისი შეხედულებისამებრ შეუმციროს სასჯელი. მერე ნახეს, რომ ერთმა მოსამართლემ შეუმცირა, მეორემ შეუმცირა საპროცესო შეთანხმების დროს, მესამემ, მეათე მოსამართლემ შეუმცირა, იფიქრეს, ეს მოსამართლეები ეტყობა თავისით რაღაცას უმცირებენ, არ გვაწყობსო და ჩაწერეს კანონში, რომ პროკურორის თანხმობის და მხარესთან შეთანხმების გარეშე სასჯელის შემცირება არ შეიძლება“, განაცხადა მურუსიძემ და დაამატა, რომ პირადად მასზე ზეწოლა არ ყოფილა და აკეთებდა იმას, რისი გაკეთების საშუალებასაც კანონი აძლევდა.

ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო და იგი 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, თუმცა მას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა. დღეიდან კი იგი უვადო მოსამართლედ განაწესეს.

guardian.ge