აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

GUARDIANGE – პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კვირას ჩრდილო-დასავლეთ ირანში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, – იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

ცოტა უფრო ადრე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანდა. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „სრულიად დაიწვა“ კატასტროფის დროს.

უფრო ადრინდელი ცნობით, სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი, რომელშიც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა. როგორც ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, მდგომარეობა არ იყო „კარგი“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელიც რაისის ვერტმფრენის ძიებაში ჩაერთო, სიცხის წყარო აღმოაჩინა.

ჩაკ შუმერმა, აშშ-ის სენატში „დემოკრატების“ უმაღლესმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ მისი დისკუსიები აშშ-ის სადაზვერვო ოფიციალურ პირებთან მიუთითებს, რომ „ამ მომენტისთვის არ არსებობს მტკიცებულებები ბოროტმოქმედებაზე“, მაგრამ ის „განაგრძობს მდგომარეობის მონიტორინგს“.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმე დაშვების” შესახებ განცხადება ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში გააკეთა და მოუწოდა ერს, ელოცათ მისი ჯანმრთელობისათვის.

„თუკი ირანელი ხალხი არ ინერვიულებს, ქვეყნის მუშაობაში შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა ხამენეიმ.

ცოტა უფრო ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისს მასპინძლობდა, ვერტმფრენის ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან მეგობრული შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შევშფოთდით გავრცელებული ინფორმაციით, რომ ვერტმფრენმა, რომელსაც უმაღლესი დელეგაცია გადაჰყავდა, ავარიული დაშვება განახორციელა. ჩვენი ლოცვა მიმართულია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და დელეგაციის თანმხლები პირებისადმი. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველანაირი მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელში.

რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ერაყმა ირანს ვერტმფრენის პოვნის სამაშველო სამუშაოებში შესთავაზეს დახმარება.

რუსეთმა თეირანს ასევე, ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში დახმარება აღუთქვა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ირანის გვერდით დგას.

თურქეთმა ირანში სამთო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო დამწუხრებულია.   X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ერდოღანმა თქვა: „იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივიღებ კარგ ამბებს რაისისა და მისი დელეგაციის  შესახებ“.

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა,  ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა, ინციდენტიდან მალევე.

თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა.

როგორც Tasnim-ი იტყობინებოდა, ვერტმფრენის ბორტზე პრეზიდენტის გარდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რახმატი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა არმია, პოლიცია და ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლები.

პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ორმა ვერტმფრენმა, რომელშიც მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ, უსაფრთხოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა

რაისი კვირას ადრე აზერბაიჯანში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ხუდაფერინის ჰიდროელექტროკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებისა და მდინარე არაზზე აშენებული გიზ გალასის ჰიდროელექტრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში.