საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად.

„მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.