საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილის, ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ევროკომისარო! ძალიან მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების საბჭოს სხდომაზე. ეს ფაქტი მახარებს იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი.

ასოცირების საბჭოს ეს სხდომა ისტორიულია, რადგან პირველია მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განსაზღვრეს ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ეს არის ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნათელი მტკიცებულება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით,  საქართველოს ევროპულ ამბიციაზე საპასუხოდ.

თუმცა, როგორც ყოველთვის, ამბიციებს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პირველი მათგანი მდგომარეობს მნიშვნელოვანი რეფორმების უწყვეტ გაგრძელებაში, განსაკუთრებით, იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომლებიც 12 პუნქტად განსაზღვრა ევროკომისიამ. მეორე პასუხისმგებლობა ის არის, რომ პოლარიზაციის დაძლევის ცდა განხორციელდეს, აიგოს ხიდები მთელ პოლიტიკურ  სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს კოლექტიურ ძალისხმევაზე, რათა მიღწეულ იქნეს ქართველი ერის სახელით გაცხადებული მიზანი და ევროკავშირს შეუერთდეს ქვეყანა, რაც არა მხოლოდ მთავრობის მიერ შესასრულებელი ამოცანაა, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრისა და მთელი საზოგადოების.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურების საფუძველზე წარმოებს. არ არსებობს მოკლე გზა ან ჯადოქრობა. ეს არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ დეკლარაციებზე, არამედ იმ პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც კონვერტირდება შედეგებში. მხოლოდ ხილვადი და ხელშესახები წინსვლა და რეფორმები განაპირობებს ამ პროცესში დაწინაურებას.

კრიტერიუმები და მოლოდინი ძალიან ნათელია, როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა, სამართლის უზენაესობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება ან ევროკავშირის სტანდარტებსა და პოლიტიკაზე სწორება.

საქართველომ გადაწყვიტა შესდგომოდა ევროკავშირის გზას და ეს პასუხისმგებლობები ეკისრა. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება.

ნება მიბოძეთ, რომ ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმდევი უნდა იყოს ეროვნული კონსენსუსი. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ გზა და ერთად იმუშაონ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ამოცანა, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის.

სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამ პროცესს ინკლუზიურს. მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნება-სურვილი ევროკავშირთან საკუთარი მომავლის  დაკავშირების თაობაზე.

ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა მოთამაშეს განესაზღვრება შესასრულებელი ამოცანები. თუმცა, მმართველ პარტიას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ეს იოლი არ არის, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. მაგრამ თქვენ მარტო არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენ დასახმარებლად არიან მზად.

რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც დღეს ასოცირების საბჭოს ამ სხდომაზე წარიმართა. პოლიტიკურ დიალოგს ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩვენს დისკუსიებში. დღესაც ასე იყო და ხვალაც ასე გაგრძელდება.

ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ. ღიად შეგვიძლია საუბარი, შეგვიძლია შესრულებული საქმისთვის შექება და მეტი ძალისხმევის საჭიროებების გამოკვეთა.

ჩვენი შეფასება გავაცანი საბჭოს წევრებს საქართველოს ზოგიერთ საკვანძო საკითხზე, სადაც გარკვეული წუხილი გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, მაგალითად, მართლმსაჯულება, სამართლის უზენაესობა და  მედიის თავისუფლება. მათ შორის, აღინიშნა მზარდი პოლიტიკური წნეხი საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან და ოპოზიციურ მედიასთან მიმართებით.  ეს სფეროები უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების კონტექსტში.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს და არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. ჯერ მთავრობა და შემდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უნდა იყოს ჩართული.

ჩვენ მიმოვიხილეთ სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ხაზგასმით ვთქვით, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ძალისხმევის მობილიზებას ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლისა და სამოქალაქო მონიტორინგის მისიის საშუალებით.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ასევე გვქონდა საშუალება დაგვეფასებინა თქვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანით. ასევე დავადასტურეთ, რომ ძლიერ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში და ვახშამზე დამატებით გავივლით არსებულ გამოწვევებს.

ევროკავშირს განზრახული აქვს განამტკიცოს ყველა ჩვენი მჭიდრო პარტნიორის მედეგობა აღმოსავლეთ სამეზობლოში და ამ კონტექსტში ასევე ვიმუშავებთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სფეროებში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოზე სერიოზული გავლენა იქონია ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ.

დღეს ჩვენ ასევე ვიხილავთ და მომავალშიც განვიხილავთ საქართველოს დახმარების გზებს ამ გამოწვევების დაძლევისა და, მათ მიუხედავად,  რეფორმების პროცესის უწყვეტად გაგრძელების მიმართულებით.

ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა მკაფიოდ ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი გამოხატავს საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ასევე ვაჩვენეთ, რომ ჩვენმა ურთიერთობამ თვისებრივად ახალ დონეზე გადაინაცვლა ნახტომისებურად და საქართველო ახლა მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.

მოუთმენლად ველით საქართველოს წინსვლის ხილვას ამ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა გამოიყენებს ამ ისტორიულ შესაძლებლობას, გაზრდის ძალისხმევას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროკავშირთან დასაახლოებლად. მადლობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

დიდი მადლობა, ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო. ევროკომისარო, თქვენც მოგესალმებით. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან პირველი უმაღლესი დონის ინსტიტუციური შეხვედრაა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქნა აღიარებული.

საბჭოს სხდომაზე ფართოდ მიმოვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს წინ წასწევს ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მამოტივირებელ გზაზე.

ამ გზას მივყავართ ჩვენ იქით, სადაც საქართველოს ბუნებრივი ადგილია. სახელდობრ, ევროპული დემოკრატიების ოჯახში, რომელთანაც საერთო ღირებულებები და მიზნები გვაქვს, მშვიდობასა და სოლიდარობას ვამკვიდრებთ.

ევროპულ პერსპექტივას თან სდევს დიდი პასუხისმგებლობა და შესანიშნავად გვესმის ეს, ევროკავშირთან უმაღლესი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით მთელი რიგი სამიზნე ორიენტირები განისაზღვრა, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნისთვის. დიახ, საქართველოს სრულად აქვს ნაკისრი 12 პრიორიტეტის შესრულების ვალდებულება, რაც საბჭომ განგვისაზღვრა.

საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, 1 ივლისს, წარმოვადგინეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ცალკეული პრიორიტეტების მიმართ განსაზღვრული კონკრეტული ვადებით  და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელიც აახლოებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებს, ოპოზიციურ პარტიებს, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

აქვე უნდა აღვნიშნო გულდაწყვეტილმა, რომ ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

ჩვენ მტკიცედ ერთგული ვრჩებით ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  პოტენციალის სრული ათვისების იდეის მიმართ.  სულ ახლახან დავამტკიცეთ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის, რომელშიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები.

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მაქსიმალური ინტეგრაციის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად. დაკავშირებადობის უნარის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება მთელ რეგიონს, განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტისა და ყველა ჩვენგანის უმსხვილესი გამოწვევის გათვალისწინებით, მაგალითად, ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება. ევროპელი კოლეგები მოვიწვიეთ იმ უნიკალური შესაძლებლობის  ასათვისებლად, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს ძირითადი სატრანზიტო ჰაბის რანგში გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე.

ასევე განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე ომი და ბევრად ადრე, 2008 წელს, დაწყებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ მასშტაბური ომი წარმოებდა  საქართველოში რუსეთთან. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%. ამ პროცესში ევროკავშირის აქტიური როლი და მისი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე იყო. ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენეული შეფასება ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკვანძო მნიშვნელობას რუსეთის მხრიდან.  ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, ნება მიბოძეთ, ჩემი გამოსვლა დავასრულო მადლიერების გამოხატვით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ვრჩებით ჩვენი დამაკავშირებელი მიზნებისა და ღირებულებების ერთგული! დიდი მადლობა!

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:

დიდი მადლობა! მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო! ვფიქრობ, რომ ყველანი კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმ ფაქტით, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა და უდიდესი მოვლენა, არა მარტო წინა წლის სხდომის შეხვედრასთან შედარებით, არამედ ნებისმიერ სხვა შეხვედრასთან მიმართებით, რომელიც მანამდე გვქონია  საქართველოსთან ასოცირების საბჭოს ფორმატში.

ასევე მიმაჩნია, რომ ახლა პრიორიტეტები ნათელია. ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა  მათ შესახებ და ეს, რა თქმა უნდა, მოიაზრებს იმ საკითხსაც, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე წლების განმავლობაში ნაშენები მყარი თანამშრომლობა, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.

მიმაჩნია, რომ დღეს შემაგულიანებელი გზავნილი უნდა გავაჟღეროთ. ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი! დრო ან ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ!

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დროს და ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, ყველას მხრიდან!

ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენი დახმარების მექანიზმისა და პაკეტის მობილიზება მოვახდინოთ ამ მიმართულებით თქვენი დახმარების მიზნით.

ხაზი მინდა გავუსვა ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანების მნიშვნელობას. ეს არის უნიკალური ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა გახლავთ ერის წინაშე!

ამ ეტაპზე, ევროპული საბჭოს დასკვნაში გაწერილ 12 პრიორიტეტზე აქცენტის გაკეთების რეკომენდაციას ვაძლევთ საქართველოს, რათა გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, აუცილებელი რეფორმები განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემაში და გარე, კერძო ინტერესებიდან გათავისუფლდეს მოსამართლეთა კორპუსი, გაიზარდოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, აღმოიფხვრას ჭარბი მიკერძოებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაძლიერდეს მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. ყოველივე ეს გახლავთ საკვანძო ამოცანების ნუსხაში.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მჭიდროდ ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, რადგან, მომდევნო წელს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენის ფარგლებში, თქვენი წინსვლის შეფასებისას, იმედი გვაქვს, პოზიტიურ მიგნებებს გავაკეთებთ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ავუხსნით თქვენი რეფორმების ხარისხითა და ვადებით რამდენად დიდია თქვენი სურვილი და დანაპირების შესრულების უნარი.

საბჭოს სხდომაზე ასევე მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც წინა საბჭოს სხდომის შემდეგ დაწინაურდა გასული წლის შემდეგ. ამ ინფორმაციით დასტურდება რამდენად მნიშვნელოვანია მკაფიო კომუნიკაციის წარმოება ჩვენი თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ.

ამ კონტექსტში ხაზი მინდა გავუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელმაც შეიძლება მასიური, სულ მცირე 3.9 მილიარდი ევროს ოდენობის, ინვესტიციები მოუტანოს უშუალოდ საქართველოს ევროპის საჯარო და კერძო სექტორებიდან.

ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად  აუცილებელია მხარდამჭერი საინვესტიციო გარემო და მომავლის პროგნოზირებადობა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, გვიხარია კოვიდ-კრიზისის შემდეგ საზღვრების ხელახლა გახსნა. ასევე, მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენ წინაშე არსებულ ზოგიერთ გამოწვევაზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობაზე საქართველოდან, რაც ხშირად არც არის საფუძვლიანად არგუმენტირებული.  ჩვენ მაინც განვიხილეთ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, რომელთა ეფექტიანობა უკვე დადასტურდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, გვინახავს წარმატებული შემთხვევები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თავსებადი სტანდარტებისა და შეთანხმების საფუძველზე,  ქართული და  ევროპული კომპანიები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მეტ ტენდერსა და საჯარო შესყიდვებში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობიდან მომდინარეობს.

საბჭოს სხდომაზე  საუბარი იყო ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დაკავშირებადობაზე, იქნება ეს ციფრულ, ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო განზომილებაში. ყველა მათგანი საკვანძო მიმართულებაა და ჩვენს ეკონომიკებსა და საზოგადოებებს აკავშირებს.

დასკვნის სახით, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული საბჭოს დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში,  მედეგობის გაძლიერებაში და, საერთო ჯამში, ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ პირადად ჩემი დახმარების იმედი გქონდეთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა!

ტელეკომპანია „რუსთავი 2″, თამარ ნუცუბიძე:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ მთავრობა მზად არის და მუშაობს თორმეტივე პრიორიტეტის შესასრულებლად. ბატონო ჯოზეფ, თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია პოლარიზაციის დაძლევა და რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. მთავარი ოპოზიციური პარტიის ჩართულობის გარეშე, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ პრიორიტეტის შესრულება, და რა იქნებოდა თქვენი რჩევა ოპოზიციური და მმართველი პარტიების მიმართ? მადლობა!

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

როგორც ვახსენე, ეს პროცესი თავისი არსით ეროვნული ძალისხმევაა, რომელსაც წარმართავს მთავრობა. თუმცა, ის ყველას ჩართულობას მოითხოვს. მთელი საზოგადოება უნდა იღებდეს მონაწილეობას და ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის განწყობა. მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციის დაძლევაზე, ყველა პოლუსს ვგულისხმობ. პოლარიზაცია ხომ პოლუსების სიმრავლეზე მეტყველებს. მე ამაზე საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა, აქვე მივმართავ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რადგან ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქმე გვაქვს ინკლუზიურ პროცესთან, რომელშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:

მეც მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ბევრი სხვა კანდიდატის შემთხვევაში რაც გვინახავს. პოლიტიკური პოლარიზაცია არ გახლავთ გამონაკლისი. თუ ბალკანეთის ქვეყნებს შეხედავთ, ნახავთ, რომ დღემდე გამოწვევად რჩება ეს საკითხი ბევრ იქაურ ქვეყანაში. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღებისა და გაწევრიანების პროცესში წარმატება ვერ მიიღწევა იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს ეროვნული პრიორიტეტია. ამდენად, ეს ეროვნული პრიორიტეტი არა მხოლოდ უნდა გაცხადდეს და შეჯერდეს, არამედ უნდა დაინერგოს პოლიტიკურ ნაბიჯებში, პარლამენტში, არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა იმ მოთამაშის ნაბიჯებში, რომლებიც საქართველოს ამოძრავებენ.

ტელეკომპანია „იმედი“, ქეთევან ქარდავა:

მივესალმები პატივცემულ გამომსვლელებს. ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რადგან ისტორიულია. რაც შეიძლება მალე გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება. ძალიან მიზანსწრაფულები და მოწადინებული ვართ. შეგიძლიათ პროცედურები გაგვაცნოთ? რას უნდა ველოდეთ წელს? რა დოკუმენტი გამოქვეყნდება დეკემბერში? ევროკომისარო, თქვენ გუშინ ბრძანეთ უკრაინელებთან შეხვედრის შემდეგ. ასევე, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება მომდევნო წლის ოქტომბერში და მაინტერესებს, თორმეტივე დათქმა თუ შესრულდა, თქვენი გადაწყვეტილება ავტომატური იქნება თუ არა? დიდი მადლობა!

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

ევროკომისარო, ორივე კითხვა თქვენი სფეროდან არის.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:

ორივეს შემიძლია ვუპასუხო, თქვენი თანხმობის შემთხვევაში. უკრაინის თემაზე გუშინდელი პრეს-კონფერენციიდან დავიწყებ. პროცესზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო სრულიად არ გახლავთ. საინტერესო ის არის, თუ როგორ და როდის შესრულდება საქმე. საქმე კი გახლავთ 12 პრიორიტეტის შესრულება.

ევროკავშირის გაფართოება დამსახურების საფუძველზე ხდება. უმაღლესმა წარმომადგენელმა ეს საკითხი უკვე განმარტა. ამდენად, როგორც კი ის 12 პრიორიტეტი დაკმაყოფილდება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მხარესაც შესრულდება – პრინციპში, უნდა შესრულდეს – დანაპირები.

მეორე რამ, რაც მინდა ვთქვა ის გახლავთ, რომ შესრულება ნიშნავს ქმედითი რეფორმების განხორციელებას ეკონომიკის სასარგებლოდ, ხალხის და საზოგადოების სასიკეთოდ. რეალური ინტეგრაცია ადგილზე უნდა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ევროპელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სოციალური თავსებადობა მოხდება ევროპასთან. თან, ეს ყველაფერი მოხდება ევროპაში დამკვიდრებული წესების საფუძველზე. სწორედ ეს არის რეალური ინტეგრაცია. თავად პროცესი თითქოსდა ძალიან სახალისოა, თუმცა ჩემი აქცენტი ყოველთვის კეთდება რეალურ ინტეგრაციაზე. ანუ, როგორც ვახდენთ ინტეგრაციას ჩვენს მეზობლებთან.

და ბოლოს, არ მინდა კითხვას გადავუხვიო და გიპასუხებთ, რომ წელს ჩვენგან უნდა ელოდეთ დასკვნის ბოლო ნაწილს. ეს არის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის პოტენციურ გამოყენებას ადარებს საქართველოში არსებულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვნახავთ როგორ შეძლებს საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობის სრული გამოყენების საჭიროებისთვის თავის გართმევას. ჩვენ უკვე გაგვაჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ის არ არის იდენტური, თუმცა მოიცავს ევროკავშირის საკანონმდებლო დათქმების 70 პროცენტს. მესამე რიგის ქვეყნებს არ სჭირდებათ ყველა იმ წერის სრული განხორციელება, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ 70 პროცენტი უკვე არის მასში ასახული. რაც თქვენ უკვე გაქვთ, არის პრინციპში შესაბამისობის გარკვეული დოზა, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში უნდა ვნახოთ როგორ მოხდება არა მხოლოდ მათი გადმოტანა და დამტკიცება, არამედ აღსრულებაც.

ეს მიდგომა იქნება გამოყენებული სამივე აპლიკანტი ქვეყნის მიმართ. მომავალ წელს სამივე – და იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის საქართველო უკვე იქნება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა – მოექცევა ანგარიშში, რომელიც სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო გამოყენებული.

გადაწყვეტილებას კვლავ ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ, რადგან სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ყოველთვის ასე იყო და არ მგონია ახლა რაიმე შეიცვალოს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, სალომე აბულაშვილი:

კითხვა მაქვს შემდეგი: ორ თვეზე მეტი გავიდა ევროპული პერსპექტივის მიღებიდან და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება საქართველო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, მთავრობა და ოპოზიცია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ზემოთ აყენებენ? ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ მთავრობა და ოპოზიციური პარტიები პოლარიზაციის დაძლევაზე მუშაობენ? ჩემი კითხვა მიმართულია ბატონი ბორელისადმი. მადლობა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

მე მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რაც უკვე ვთქვი. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ დამისვით კითხვა. მე მაინც იგივე პასუხს გაგცემთ. ეს არის ინკლუზიური პროცესი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ მასში ჩართვისკენ ჯეროვანი განწყობითა და თანამშრომლობის სულისკვეთებით. მიდგომები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ როგორც ევროკომისარმა ბრძანა, პოლარიზაცია არ არის საქართველოსთვის დამახასიათებელი ექსკლუზივი. პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია პოლარიზაცია და, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ესეც სწორი დოზით უნდა არსებობდეს. ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და წინსვლის შეფერხებას, ხოლო მისი სიმწირე, – დემოკრატიის გაქრობას პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამდენად, გარკვეული დოზით პოლარიზაციაც საჭიროა სამყაროში. ამით იკვეთება განსხვავებული მიდგომები, მოსაზრებები და სხვ. ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა. პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს იმ დონეს, როდესაც პროცესს შეუშლის ხელს და საფრთხეს შეუქმნის მიზნების მიღწევას. არ ვაპირებ საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების განსჯას და მხოლოდ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას იმის გაცნობიერებისკენ, რომ ეს კოლექტიური ძალისხმევა უნდა იყოს და ისტორიული მომენტია, რომელიც ასევე ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მეც მინდა კვლავ გავიმეორო, რაც უკვე ვახსენე. მმართველმა პარტიამ, მთავრობამ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას გაუხსნა კარი. როგორც დღევანდელ მიმართვაში გავაჟღერე, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით, მთავარი ოპოზიციური პარტია, არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო და დავადასტურო, რომ სრული მზადყოფნა გვაქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან სამუშაოდ, მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილ და მის მიღმა დარჩენილებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. თუმცა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბატონო ბორელ, არა მარტო მთავრობამ, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენი მკაფიო მიზანი, განზრახვა და მოტივაციაა, რომ  საქართველო, მმართველი პარტია და მთავრობა მზად არიან შეასრულონ ყველა – 12 – პრიორიტეტი. მადლობა!