მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს. მანამდე, მსგავსი დოკუმენტები ბაიდენის თანაშემწეებმა ვაშინგტონის ოფისში აღმოაჩინეს, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იყენებდა.

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოყენებას დამოუკიდებელი ადვოკატი გამოიძიებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საიდუმლო მასალას სერიოზულად აღიქვამს“, თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ ისინი „უნებლიეთ დაიკარგა“.

გრიფით საიდუმლო ფაილების პირველად აღმოჩენის შემდეგ კომენტირებისას ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ განხილვაში, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადება თეთრა სახლმა გაავრცელა.

ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.

ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გამოძიება მისი პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო ფაილების ფლორიდაში გადატანის გამო მიმდინარეობს.

BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS News-ის ცნობით, FBI ჩართულია „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების გამოძიებაში და აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს ეთხოვა დოკუმენტებისთვის გადახედვა.

ამ საქმეში ჩახედულმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ დოკუმენტები არ შეიცავდა ბირთვულ საიდუმლოებას და ინახებოდა საქაღალდე ყუთში სხვა არასაიდუმლო დოკუმენტებთან ერთად.

რიჩარდ ზაუბერმა, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა მრჩეველმა, CBS-სთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფაილები შუალედური არჩევნების წინ აღმოაჩინეს ბაიდენის ადვოკატებმა, რომლებიც ოფისს ასუფთავებდნენ.

ბაიდენს 2017 წლიდან 2020 წლამდე ანალიტიკურ ცენტრში ჰქონდა ოფისი, რომელიც თეთრი სახლიდან დაახლოებით ერთი მილის მანძილზეა დაშორებული.

ზაუბერმა თქვა: „[დოკუმენტების] აღმოჩენის შემდეგ, პრეზიდენტის პირადი ადვოკატები თანამშრომლობდნენ [ეროვნულ] არქივთან და იუსტიციის დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყონ, რომ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის ნებისმიერი ჩანაწერი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი არქივის მფლობელობაში“.

ტრამპი თავისი სოციალური მედიის საიტზე, „Truth Social“-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და იკითხა: „როდის აპირებს FBI რეიდის განხორციელებას ჯო ბაიდენის მრავალ სახლზე, შესაძლოა, თეთრ სახლზეც კი?“

ტრამპის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სავარაუდოდ, წინააღმდეგობა გაუწია 300-ამდე საიდუმლო დოკუმენტის უკან დაბრუნებას, რომლებიც მან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში წაიღო თანამდებობის დატოვების შემდეგ. ეროვნულმა არქივმა ამ საქმეში ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია.

ბაიდენის ფაილები ცოტა ხნით ადრე აღმოაჩინეს, სანამ იუსტიციის დეპარტამენტი გამოაცხადებდა, რომ დანიშნავდა დამოუკიდებელ ადვოკატს, რომელიც გადაწყვეტს, მისცეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ტრამპი ფლორიდაში, თავისი გოლფის კლუბში ნაპოვნი ფაილების გამო.

guardian.ge