საქართველო

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დარჩენის საკითხი დღეს გადაწყდება

„მე ვფიქრობ, რომ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ იყო ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„გუშინაც მქონდა მე პირადად დისკუსია ამ თემაზე და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს თემა ძალიან მალე დაიხურება იმიტომ, რომ ხვალ უკვე მე ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს“, აღნიშნა წულუკიანმა.

მან თქვა, რომ დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ჰქონდა. „დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩემი პოზიცია გაზიარებული იქნება, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები“.

„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და ეს არის კაკულიების გუნდი – ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი და რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო და თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთდ ვებრძოდით“, განაცხადა წულუკიანმა და გამოთქვა იმედი, რომ იგი „სავარაუდოდ“ ერევანში გაემგზავრება.