საქართველო

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელთა შორის, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება.

„ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ ჩანაწერს მოიცავს.

„ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადამიანისთვის, ასევე, გარემოსთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, გენგეგმაში ასევე, კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები აისახა, სადაც განაშენიანება აღარ მოხდება.

დედაქალაქის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესა და გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს, ხელმძღვანელს, იმიტომ, რომ ჩვენ პარლამენტიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ. ამას ვგრძნობდით ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდეს და თუ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, მზად ვართ, ეს ნაბიჯიც გადავდგათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს, რომელიც ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

„საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა.

რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას, თბილისის მერის განცხადებით, პროცესში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და ქალაქის მმართველობაში მოსვლისთანავე, ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი და ჩვენ მათ პირობა მივეცით, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვუგვარებდით. ცხადია, თავიდან არავის სჯეროდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში გაწბილებული იყვნენ. მათ დაპირებებს არავინ უსრულებდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იღებენ ვალდებულებას, რომ 200-მდე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილონ.

„ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა და ოთხი გამარჯვებული კომპანია გვყავს. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ აღნიშნული პროექტები განახორციელონ და ფართებით დაახლოებით, 200-მდე დაზარალებული ოჯახი დააკმაყოფილონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი გრძელდება და აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხსაც შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია.

კახა კალაძის თქმით, ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და ნაკვეთისთვის მინიჭებული ზონების მიუხედავად, მისთვის თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის.

„ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ის ჩემი მეგობარია, დასამალი არაფერი მაქვს. მეგობრობა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრი ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც მას აქვს მინიჭებული, შესაძლებელია მშენებლობა და პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ქალაქის ინტერესებიდან გამოვდივართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბექა ოდიშარია მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელია და როგორც სხვა შემთხვევებში, კერძო მესაკუთრის ინტერესი ახლაც არ დაზარალდება.

„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას და განვაცხადო, რომ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ჩვენთვის მისაღები არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბექა ოდიშარია ამ მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელია. რა თქმა უნდა, ჩვენ კერძო საკუთრების ინტერესიც არ უნდა დავაზარალოთ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა – კუს ტბის ასახვევთან, რესტორან „ოტიუმის“ წინ და ასევე, ვაკის პარკში, სადაც სასტუმროს მშენებლობის პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსგავსი ადგილების შესანარჩუნებლად. ჩვენ პირველ რიგში, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადახედავს. კახა კალაძე აღნიშნული საკითხის მოგვარებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაციით გეგმავს.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკმაყოფილება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებითაც გამოხატა და აღნიშნა, რომ არსებული პროექტი დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს და საუკეთესოდ უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ არსებული პროექტი გადასახედია, რადგან არც დიზაინით და არაფრით მისაღები არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, აღნიშნულ პროექტს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ერთად გადახედონ, რათა მეტროსადგურში სამუშაოები რაც შეიძლება მალე განახლდეს.