განადგურებული შენობა-ნაგებობები, დატბორილი საკარმიდამო ტერიტორიები, დანგრეული შიდა საავტომობილო გზები და ხიდები – ზემო სვანეთი სტიქიას ებრძვის. მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტის ჩახერგვა გამოიწვია. დაგროვილი წყლის მასის გადმოსვლამ კი, მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა.
როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში ამ დროისთვის სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამასთან, მერის თქმით, სამაშველო ჯგფებთან ერთად, მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაზიანებული ინფრასტრქტურის აღრიცხვის შემდეგ, ზარალის ოდენობას დაადგენს.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მდინარე ნენსკრაში წყლის დონის მატებისა და განმეორებითი ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება არ არსებობს, რადგან წვიმამ გადაიღო, პრობლემურ ადგილებში კი, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები. ტექნიკა მობილიზებულია და მუშაობს. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ზარალის ოდენობას ადგენს.
მდინარეში, წყლის დონემ დაიკლო, წვიმამაც გადაიღო და წყლის დიდი ნაკადის წამოსვლის ნაკლები საშიშროებაა და ამ მხრივ, საქმე კარგად გვაქვს. ბევრი ადგილი ჩახერგილია მორებით. წაღებულია 5 ხიდი. განადგურებულია დამხმარე შენობა-ნაგებობები”, განუცხადა GUARDIAN.GE-ს სტიქიის ზონაში მყოფმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მესტიის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, მდინარე ნენსკრას ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დატბორილია.
„განადგურებელია 6 საცხოვრებელი სახლი (შენობა-ნაგებობა), არაერთი დამხმარე ნაგებობა თუ ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წაღებულია შიდა საავტომობილო გზები და ხიდი რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებს გარესამყაროსთან. წინასწარი შეფასებებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს”, აღნიშნულია მესტიის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.
სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

guardian.ge

