კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
„ნამდვილად, პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. ყველანი მეთაურები და კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ, მათ შორის პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პუტინმა შეხვედრაზე კომპანიის ქმედებები ფრონტზე და ასევე, 24 ივნისის მოვლენები შეაფასა, მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა მათ შრომითი დასაქმების შემდგომი ვარიანტები.
„მათ ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან“, – აღნიშნა პესკოვმა.