2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%). ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
| ქვეყანა | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
| აზერბაიჯანი | 54.3 |
| ბელარუსი | 17.0 |
| თურქეთი | 151.7 |
| ირანი | 24.8 |
| ისრაელი | 156.1 |
| რუსეთი | 133.7 |
| საუდის არაბეთი | 16.6 |
| სომხეთი | 42.2 |
| უკრაინა | 43.2 |
| ევროკავშირი | 145.2 |
| დანარჩენი ქვეყნები | 267.5 |

