ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. მან თქვა, რომ თანამდებობიდან წავიდა მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც.
მისი თქმით, პარლამენტიდან მოსამართლეების სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი წარმართულიყო სამართლიანად და პროცედურების სრული დაცვით.
„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით…
„უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. [მოსამართლეობის კანდიდატთა] სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“, განაცხადა ეკა ბესელიამ და განმარტა, თუ რატომ არ გააკეთა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ.
„რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის შესახებ“, აღნიშნა ბესელიამ.

