საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის

უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას.

ტიკარაძის თქმით, ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი და ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„როგორც იცით, საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ამ ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დაამატა, რომ ჩინური ვაქცინით აცრა 2-ჯერ ხდება, 21-დღიანი ინტერვალით.