მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ავტომატურად“ მისცემს „მწვანე ბარათს“ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკულ კოლეჯებს დაამთავრებენ

GUARDIANGE – აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ავტომატურად“ მისცემს „მწვანე ბარათს“ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკულ კოლეჯს [უნივერსიტეტს] დაამთავრებენ.

„ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო და რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ თქვენ როცა ამთავრებთ კოლეჯს, ვფიქრობ, რომ ავტომატურად უნდა მიიღოთ მწვანე ბარათი, როგორც დიპლომის ნაწილი, რომ შეძლოთ დარჩენა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტობის სავარაუდო „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა „The All-In Podcast“-ში, რომელიც 20 ივნისს გავიდა ეთერში.

მან განაგრძო: „და ეს მოიცავს ახალბედა კოლეჯებსაც. ნებისმიერი, ვინც ამთავრებს კოლეჯს – სწავლობთ იქ ორი ან ოთხი წლის განმავლობაში და ამთავრებთ, ან კოლეჯის დოქტორის ხარისხს იღებთ, უნდა შეგეძლოთ დარჩეთ ამ ქვეყანაში“.

ტრამპის ეს კომენტარები წინააღმდეგობაში მოდის მის ძალისხმევასთან, შეემცირებინა როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაცია, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე იმყოფებოდა და ასევე, მკვეთრად ეწინააღმდეგება მის ანტიემიგრანტულ რიტორიკას საარჩევნო კამპანიის დროს.

ტრამპმა თეთრი სახლის 2024 წლის ნოემბერში ხელმეორედ დასაკავებლად გამართული საარჩევნო კამპანიისას იმიგრაცია ცენტრალურ საკითხად აქცია. მან პირობა დადო, რომ განახორციელებს „ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის ოპერაციას” და გამოიყენებს ამ საკითხს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობაზე თავდასასხმელად.

ტრამპის ბოლო კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბაიდენმა ამ კვირის დასაწყისში გამოსცა აღმასრულებელი აქტი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების ზოგიერთ უსაბუთო მეუღლეებსა და შვილებს საშუალებას აძლევს, კანონიერი მუდმივი ბინადრობის მოთხოვნით, ქვეყნიდან გაუსვლელად მიმართონ შესაბამის უწყებას. პრეზიდენტის საარჩევნო წლის ეს ნაბიჯი, მიზნად ისახავს ლათინო ამერიკელ ამომრჩეველთა გულის მოგებას ისეთ შტატებში, სადაც ბაიდენისადმი მხარდაჭერა არც ისე მაღალია და ამას წინ უსწრებდა თვის დასაწყისში უფრო შემზღუდავი ქმედებები იმის თაობაზე, რომ  დაწესებულიყო ლიმიტი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე.