მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას

USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია აღნიშნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლაზე.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

„USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა.

უფრო ადრე, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. ამერიკელმა მილიარდერმა გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები.

USAID-ი დახმარებას უგზავნის კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს მრავალი მიმართულებით.

„დემოკრატებმა“ტრამპის მიერ USAID–ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ნეგატიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სააგენტო „წესდებით, დამოუკიდებელი დაწესებულებაა“.

GUARDIANGE