საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: უნდა იყოს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბიზნესი იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან და ასევე პოლიტიკაც არ შედიოდეს ღრმად ბიზნესში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ. პირველის” გადაცემა „პირველების” პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

„რეალობა სხვა არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკამ ბიზნესი თავისი საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს, ან ვთქვათ, ბიზნესმა, თუ მას შეექმნა რაიმე პრობლემა, გამოიყენოს პოლიტიკური ასპექტები თავდაცვისთვის. რა თქმა უნდა, არც ერთი ვარგა და არც მეორე…. უნდა იყოს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ”, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელსაც „უკიდურეს აუცილებლობად” მიაჩნია თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისი თქმით, რეგლამენტი იძლევა კომისის შექმნის საშუალებას, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის კომისია უნდა შეიქმნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა რესურსი იქნება ამოწურული.