GUARDIANGE – ეგზიტპოლის თანახმად, „ლეიბორისტებმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს დიდ ბრიტანეთში 4 ივლისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდება.
მოსალოდნელია, რომ „ლეიბორისტები“ 410 მანდატს მოიპოვებენ, „კონსერვატორები“ კი 131 ადგილს, რაც „კონსერვატიული პარტიის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ჰოლბორნსა და სეინტ პანკრასში თავისი ადგილის მოპოვების შემდეგ, სტარმერმა თქვა, რომ „ცვლილება იწყება აქვე… დროა, შევასრულოთ ჩვენი დაპირება“.
ჯერჯერობით, „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, ვინც „ლეიბორისტებთან“ დამარცხდა, თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსია.
ბრიტანეთის „რეფორმების“ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პირველად ხდება პარლამენტის წევრი. მან კლექტონში გაიმარჯვა.
„ლეიბორისტების“ ყოფილმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა ისლინგტონ ჩრდილოეთი მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ხოლო ჯორჯ გალოუეიმ, „მუშათა პარტიიდან“, დაკარგა ადგილი, რომელიც ამ წლის დასაწყისში მოიპოვა.
BBC ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მთლიანად დიდ ბრიტანეთში 60% იქნება, რაც მეორე ყველაზე დაბალი აქტივობაა დიდი ბრიტანეთის არჩევნებში 1885 წლის შემდეგ – 2001 წელს იყო მხოლოდ ნაკლები – 59%.
ახლა, როდესაც „ლეიბორისტებმა“ პარლამენტში მოიპოვეს გაცილებით მეტი, ვიდრე საკვანძო 326 ადგილია, რომელიც საჭიროა ქვეყნის მართვისთვის და მიმავალმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა აღიარა დამარცხება, რას უნდა ველოდოთ?
ერთი სიტყვით: ბრიტანეთს პირველი „ლეიბორისტული“ მთავრობა ეყოლება „ტორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ.
როგორ ხდება ეს: ეს არის ფორმალური პროცესი. სუნაკი გადადგომის წინადადებით მიმართავს მეფეს, რომელიც მოიწვევს სტარმერს შემდეგი მთავრობის ფორმირებისათვის. ეს შეხვედრა ჩვეულებისამებრ ბუკინგემის სასახლეში იმართება.
დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში გადასვლა სწრაფი პროცესია და შესაძლებელია ვიხილოთ, რომ სტარმერი აღნიშნულ მისამართზე დღესვე, მოგვიანებით შევიდეს.
რას გვპირდება სტარმერი? მომავალმა პრემიერმა, სხვა დაპირებებთან ერთად, პირობა დადო, რომ აამაღლებს ხალხის ცხოვრების დონეს.