საქართველო

დავით ბაქრაძე: „გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას მეორე ტურის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი“

„გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას მეორე ტურის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი”, განაცხადა მესამე ადგილზე გასულმა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

„ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ ოპოზიციის ხმები ერთიანად და კოორდინირებულად იქნეს მეორე ტურში მობილიზებული. ამასთან ერთად, მე მივმართავ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს – ბატონ შალვა ნათელაშვილს, ბატონ დავით უსუფაშვილს, ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, სხვა მსურველებს და მინდა მათაც მოვუწოდო: შემოუერთდნენ საკოორდინაცო შტაბის მუშაობას და მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურისთვის კოორდინირებულ მზადებაში“, განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც პროდასავლურ და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა და საკოორდინაციო შტაბში მუშაობის ჩართვა შესთავაზა.

„ჩვენ ვართ ჩვენი სიტყვის და პრინციპების ერთგული. ჩვენ ვართ ერთგული იმ არჩევანის, რომელიც გუშინ გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამიტომ, მიუხედავად განსხვავებულობისა, რაც არსებობს ჩვენსა და ნაციონალებს შორის, მიუხედავად განსახვავებისა, რაც არსებობს ჩემსა და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის და ძალიან დიდი განსხვავებები არსებობს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებები არსებობს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ მოდით გადავდოთ ეს განსხვავებები მომავალი არჩევნებისთვის და ახლა ყველამ ერთად ვიმუშავოთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხის პირველი ტურის არჩევანი წარმატებით მივიყვანოთ მეორე ტურამდე“, განაცხადა ბაქრაძემ.

guardian.ge