საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით“

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს რუსეთი უშლის და მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მაშინ მოხდება, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ; იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, რაც იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე, რომლის შედეგიც იყო ის, რომ ორი დღის წინ „ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

„სწორედ გორში მინდა ვთქვა, რომ, ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი, ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ, ძალიან სერიოზულ ძარღვს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა, საზოგადოებრივი სივრცისა. არაერთი შერეული ოჯახი, არაერთი ძალიან მამაცი ოსი არსებობდა და არსებობს, რომელიც ერთიანი საქართველოსთვის მოღვაწეობდა. მათ საქართველოს მომავალში აქვთ ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი. საქართველო ძლიერი იქნება მაშინ, როდესაც გამთლიანდება თანხმობით და არა ომით.

რუსებმა მოახერხეს და დაპირისპირების ინსპირაცია გააკეთეს. მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოხდება სწორედ მაშინ, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ. იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე. თუ გაქვთ ოს თანამემამულესთან ურთიერთობა, თუ რაღაცას გეგმავთ, თუ რაღაცას საუბრობთ, თუ გყავთ საერთო ნათესავები – ეს არის სიძლიერე საქართველოსი“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ, როდესაც „ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს ახალგორში“.

„ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყამს ხოლმე ყოველთვის რუსი. თქვენი ძალა, თქვენი იარაღი ის ურთიერთობაა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90 -იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამ ურთიერთობის პირდაპირი დარტყმაა მავთულხლართები, რასაც აქ აგებენ“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გორში ყოფნისას, სადაც მან ახალი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“ ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით.