3-5 სექტემბერს თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, საბაჟო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.
მათივე ცნობით, მას შემდეგ, როდესაც სრულად დასრულდება ტექსტზე მუშაობა, შეთანხმებას ხელი მოეწერება და შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შეთანხმება ამოქმედდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, თავისუფალ ვაჭრობას. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ როგორც საქონლის, ისე მომსახურების ქართველი მიმწოდებლები თავისუფალი ვაჭრობის წესებით ისარგებლებენ კიდევ ერთი ქვეყნის – კორეის სამომხმარებლო ბაზარზე შესვლისას.
„კორეას საკუთარი ბაზრის დასაცავად მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, რომელიც ზოგიერთ პროდუქციაზე 800 პროცენტსაც სცდება. საქართველოს მთავრობამ სატარიფო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. სატარიფო შეღავათებით ისარგებლებს არა მხოლოდ ის პროდუქცია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ხორციელდება, არამედ ისიც, რომლის პოტენციალიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ინვესტიციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.
„კორეა 50 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით მაღალმსყიდველუნარიანი სამომხმარებლო ბაზარია და მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება საქართველოსთვის პრიორიტეტია“, – განაცხადა გენადი არველაძემ.