სოფელ უჯარმაში სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰა მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ საგარეჯოს საკრებულოს წევრმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 280 000 აშშ დოლარი მოითხოვა და სუს-მა ისინი თანხის ნაწილის, 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის – 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.