საქართველო

გაერო-მ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, ხმათა უპრეცედენტო რაოდენობით – 95 მომხრე – მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 60 ქვეყნის ინიციატივას წარმოადგენს.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

რეზოლუცია:

· ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ;

· ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას;

· კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას;

ზემოაღნიშნულთან ერთად, რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს მოამზადოს რეზოლუციის შესრულების ანგარიში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის წარმოსაჩენად.

ინფორმაციას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.