საქართველო

გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუცია მიიღო

4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვთ. ისტორიაში პირველად, ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც ბოლო წლებში თავს იკავებდა საკითხზე ხმის მიცემისაგან.

რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, 52 ქვეყანამ თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. რეზოლუციას ხმა არ მისცეს: რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სირიამ და ზიმბაბვემ.

რეზოლუციისთვის ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა ირანმა და საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა.