საქართველო

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.

შსს-ს ცნობით, დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.