საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ

გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ, – განაცხადა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 11 იანვარს პოლიტიკიდან საბოლოო წასვლის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.


ივანიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, შემდეგ კი, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და თავადაც მოესწრება იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“.


„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. ქართული საზოგადოება უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე – ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე დაიწყება.