მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის სახელით გავრცელებულ განცხადებაში გარდაცვალების მიზეზი არ არის ნახსენები.

კისინჯერი, ასაკის მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, ბოლო წლებშიც მონაწილეობდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, ინტერვიუებს აძლევდა სხვადასხვა მედიას.

ჰენრი კისინჯერი გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1930-იან წლებში მისი ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეოდა ნაცისტურ გერმანიას და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი.

1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის.

შეერთებული შტატების მედიაში კისინჯერის გარდაცვალება მთავარ და პოლარიზებულ თემად იქცა:

Rolling Stone: ჰენრი კისინჯერი, ომის დამნაშავე, რომელიც ამერიკული მმართველი კლასის საყვარელი პიროვნება იყო, ბოლოს და ბოლოს გარდაიცვალა.

CNN: ჰენრი კისინჯერი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დომინანტური და პოლარიზებული ძალა, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The Intercept: ჰენრი კისინჯერი, დიპლომატი, რომელიც პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Washington Post: ჰენრი კისინჯერი, რომელმაც ორი პრეზიდენტის მმართველობის დროს მსოფლიო მოვლენებზე მოახდინა დიდი გავლენა, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

CNBC: ჰენრი კისინჯერი, მაღალი გავლენის ამერიკელი დიპლომატი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.