აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ და მოკავშირეები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე ცეცხლის 21 დღით შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

მოკავშირეები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ლიბანში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ უკიდურესად სახიფათო ზღვარს მიაღწია.

12-წევრიანმა ბლოკმა მხარეებს შესთავაზა ბრძოლების დაუყოვნებლივ შეჩერება და 21-დღიანი პაუზის აღება „დიპლომატიის სივრცის გამოყენების, საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების დასრულებისა“ და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ, ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კატარმა.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებები „დაუშვებელია“ და წარმოადგენს „უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს“, რომელიც არ არის არც ისრაელის და არც ლიბანის ხალხის ინტერესებში.

მოკავშირეების მოწოდებას წინ უძღოდა 25 სექტემბერს ისრაელის სამხედრო ძალების მეთაურის ჯარისადმი მიმართვა, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმებმა შეიძლება მათ „მტრის ტერიტორიაზე შესასვლელი“ გზა გაუხსნას. გენერალ-ლეიტენანტ ჰალევის ეს განცხადება არის ყველაზე აშკარა მანიშნებელი იმისა, რომ ლიბანში სახმელეთო შეჭრა შესაძლოა გარდაუვალი იყოს.

კრიზისის განმუხტვის მიზნით, ცალკე განცხადება გაავრცელეს შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცალკე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა შეთანხმების მიღწევა, „რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რათა სამოქალაქო პირებმა შეძლონ სახლში დაბრუნება“. მათი თქმით, მიმდინარე საომარი მოქმედებები საფრთხეს ქმნის იმისას, რომ „ბევრად უფრო ფართო კონფლიქტი წარმოიშვას და ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ბოლო დღეებში ერთობლივი მოწოდებით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა დიპლომატიას მიეცეს შანსი მიაღწიოს წარმატებას და თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია საზღვარზე“, – ნათქვამია ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მოკლედ ისაუბრა ჟურნალისტებთან 25 სექტემებრს, საღამოს, თეთრ სახლში და თქვა, რომ არის „მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროპისგან, ისევე როგორც არაბული ქვეყნებიდან… მნიშვნელოვანია, რომ ომი არ გაფართოვდეს“.

GUARDIANGE