საქართველო

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული თვითმფრინავით გაფრენის – თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და რეისი 34 ათასი ევრო დაჯდა.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერი მამა ტარიელ ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემებით უმუშევარია. მას შვილისადმი სოლიდური ფინანსური დახმარება ადრეც გაუწევია. პრემიერ-მინისტრის 2021 და 2022 წლის დეკლარაციების თანახმად, ღარიბაშვილს პენსიონერმა მშობლებმა 300 000 ლარი აჩუქეს.