საქართველო

ანა დოლიძემ პენსიონერთა უფლებების დასაცავად „ეროვნული ბანკის“ წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყო

„საქართველოში 754 165 ათასი პენსიონერიდან 400 ათასამდე ბებია და ბაბუა  „ლიბერთი ბანკის“ მოვალეა. „ეროვნული ბანკის“ და მისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობაა, არ მისცეს ბანკებს უფლება უკანასკნელი ლუკმაპური წაართვან ჩვენ მოხუცებს“ – აცხადებს ანა დოლიძე“.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აქტივისტებთან და პენსიონერებთან ერთად ეროვნული ბანკის წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყო. ანა დოლიძის თქმით, სწორედ „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა დაარეგულიროს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერთათვის განკუთვნილი მომსახურებები და სესხის პროცენტი.

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის, კობა გვენეტაძის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

„ეროვნულმა ბანკმა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ, ჩვენი პენსიონერები, დევნილები და სოციალურად დაუცველები „ლიბერთი ბანკთან“ პირისპირ დატოვა. „ლიბერთი ბანკი“ მათ უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთს არიცხავს. ჩვენი პენსიონერების ნახევარი პენსიის უდიდეს ნაწილს ტოვებს სწორედ „ლიბერთი ბანკში“, ეს ბანკი არის მონოპოლისტი და ასეთ ვითარებაში ეროვნული „ბანკი საერთოდ“ არაფერს აკეთებს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

კობა გვენეტაძე და ბანკის სხვა თანამშრომლები, სირცხვილის კორიდორის თავიდან აცილების მიზნით, შენობაში უკანა კარიდან შევიდნენ.